
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები მთავარი პროკურორისგან პასუხს მოითხოვენ
მაქსიმალური 14-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, პროკურატურას ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაზე რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა პირველი ოფიციალური განცხადება 2017 წლის 6 აპრილს გაგზავნეს. როგორც აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა განაცხადა, დადგენილ ვადებში პროკურატურისგან პასუხის მიუღებლობა უპრეცედენტო ფაქტია.
რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა 29 აპრილს ხელმეორედ მიმართეს პროკურატურას. აქიმიძე და დვალი ახლა უკვე საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სთხოვენ პასუხს:
„იძულებული ვართ მოგმართოთ თხოვნით, რათა უზრუნველყოთ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების ჩვენთვის გადმოცემა; ასევე გთხოვთ, დაავალოთ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს წერილობით გვაცნობოს, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენ მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე.“
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისათვის წილების იძულებით წართმევის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.