Select Page

ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას

ღირებულებათა პრობლემა საქართველოში:

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების წერილი

ჩვენ – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავი 2-ის – ერთ-ერთი მთავარი, დამოუკიდებელი, კერძო ტელეკომპანიის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები  გახლავართ.

ამ წერილის დაწერა გადაგვაწყვეტინა ბოლო დროს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულმა იმ მოვლენებმა, რომელთა შედეგადაც ტელევიზიის საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. ამ მოვლენებმა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანა იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დგას ქართული დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ, როგორც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, თავს ვალდებულად  მივიჩნევთ, ნათელი მოვფინოთ მთელ რიგ გაუგებრობებს, რაც სიმართლის დადგენას შეუწყობს ხელს.

ამ წერილს ვწერთ, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ უსამართლობის ხანგრძლივი ისტორია დაიწყო 2004 წელს, როდესაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ უხეში ძალის გამოყენებით წაგვართვა ტელევიზია; ეს ამბავი შემდეგ გასცდა „ჩვეულებრივი უსამართლობის“ ფარგლებს და იქცა რაღაც უფრო მძიმე მოვლენად. გვაქვს განცდა, რომ დღეს ქართული საზოგადოების იმ მოაზროვნე ჯგუფს, რომელიც რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით გამოთქვამს აზრს, სიმართლის, სამართლიანობისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებების დეფინიციისა და შეფასების ტოტალური პრობლემა აქვს; ამ თვალსაზრისით, პროცესებში აქტიურად ჩართულ პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამონაკლისს ვერ ვხედავთ.

ეს წერილი, შესაბამისად, არის მცდელობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ სიმართლის დადგენაში.

ცოტა რამ წინა პერიოდიდან

90-იანი წლების დასაწყისში, ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა, ჩვენს თანადამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, მხოლოდ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით შევქმენით კომპანია. ფინანსების ნაკლებობა ჩვენი ტექნიკური და ინოვაციური უნარებით, ულიმიტო ენერგიითა და ენთუზიაზმით შევავსეთ. ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით, შევძელით შეგვექმნა დამოუკიდებელი, პროდასავლური და პროამერიკული ტელეკომპანია, რომელიც მოკლე დროში გახდა პოპულარული. ჩვენი კომპანიის დამოუკიდებლობამ უდიდესი როლი შეასრულა ე.წ. ვარდების რევოლუციის წარმატებაში, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ბევრს, ისე ჩვენც გვქონდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამდა ნაბიჯს უფრო მეტი დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების განმტკიცებისკენ.

90-იანი წლების დასაწყისში, ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა, ჩვენს თანადამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, მხოლოდ ჩვენს საკუთარ რესურსზე დაყრდნობით შევქმენით კომპანია. ფინანსების ნაკლებობა ჩვენი ტექნიკური და ინოვაციური უნარებით, ულიმიტო ენერგიითა და ენთუზიაზმით შევავსეთ.

სამწუხაროდ, ეს იმედი სწრაფადვე შეცვალა იმედგაცრუებამ. ცხადი გახდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ აირჩია სხვა ინოვაციური სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოების დასანახავად, მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლურ ღირებულებებს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის შიგნით დაიწყეს ძალაუფლებისა და სიმდიდრის წარმოუდგენელი მასშტაბებით კონსოლიდაცია, იყენებდნენ რა ოპონენტების გაჩუმების ყველანაირ მეთოდს. საუბარია, როგორც პირდაპირ უხეში ძალის, ისე უფრო დახვეწილი ზემოქმედების მეთოდების გამოყენებაზე, როგორიცაა ცილისწამება, მოსყიდვა და ა.შ. უამრავი ასეთი შემთხვევა ხვდებოდა მედიასაშუალებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშებში წლების განმავლობაში. ბევრი შემთხვევა კი საერთაშორისო სასამართლოს საქმედ იქცა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

ხელისუფლების ასეთი სტრატეგია, ერთი მხრივ, ცხადია, მოითხოვდა ლოიალურ მედიას, რომელიც ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას დაუჭერდა მხარს და მას დემოკრატიის ჭრილში წარმოაჩენდა. მეორე მხრივ, საჭირო იყო ოპოზიციის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება. თუმცა ყოველივე ეს უნდა გაკეთებულიყო არსებული საერთაშორისო იმიჯის და დასავლური კურსისადმი გამოცხადებული მხარდაჭერის მინიმალური შელახვით.

ცხადია, შეუძლებელია ქვეყნის ტოტალიტარულად მართვის პარალელურად, დემოკრატიის ფასადური იმიჯის შენარჩუნება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპტიმალური გამოსავალი „ჰიბრიდული სქემის“ ამოქმედებაში იპოვა: წამყვანი მედიასაშუალებები უნდა მოქცეულიყო ერთ ლოიალურ ხელში, ოპოზიციური არხების მცირე ნაწილს კი დამოუკიდებლად არსებობის უფლება ჰქონდათ. თუმცა ასეთი არხების რაოდენობა მინიმალური უნდა ყოფილიყო. დამოუკიდებელი მედია იმდენად სუსტი უნდა ყოფილიყო, რომ უმნიშვნელო შიდა გავლენა ჰქონოდა და მმართველი პარტიისთვის  სერიოზული საფრთხე არ შეექმნა. ამავდროულად, ის დასავლელი პარტნიორებისთვის იმდენად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნისთვის პროდასავლური დემოკრატიის იმიჯი შეენარჩუნებინა.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში ყოველივე ეს დასავლური ღირებულებების პირდაპირ და ცინიკურ ღალატს წარმოადგენდა, მაგრამ ვინაიდან ღალატი შეუმჩნეველი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას ეს არ აღელვებდა. რეალობის შენიღბვის მიზნით შეიმუშავეს და გამოიყენეს სტრატეგიის (უფრო სწორად, ფინტების) მთელი სპექტრი. ერთ-ერთი ასეთი მარტივი, მაგრამ საოცრად ეფექტური ხერხია მუდმივად გაიმეორო, რომ ხელისუფლება პროდასავლური დემოკრატიაა და პარალელურად, ნებისმიერ კრიტიკულ აზრს ბრალად დასდო დემოკრატიის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ფაქტობრივად შეუძლებელია წინ აღუდგე. ინდივიდი ან ინტელექტუალების მცირე ჯგუფი ყოველთვის დაუცველია პროპაგანდის იმ მანქანისგან, რომელიც მათ იმაში ადანაშაულებს, რასაც თვითონვე აკრიტიკებენ. გარდა ამისა, ასეთ ბრალდებებს თან ახლდა ზემოქმედების სხვა ფორმებიც, დაწყებული სამსახურზე უარის თქმით და დამთავრებული ფიზიკური ანგარიშსწორებით ან შეთხზული ბრალდებების საფუძველზე ადამიანის ციხეში ჩასმით.

რუსთავი 2, უმსხვილესი დამოუკიდებელი და ნამდვილად პროდასავლური ტელევიზია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავდა, იყო იდეალური სამიზნე და გახდა კიდეც ზემოთ აღწერილი ჰიბრიდული პოლიტიკის პირველი მსხვერპლი. ჩვენს ტელევიზიას არ ჰქონდა რომელიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიის ან სხვა ტიპის გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, მაშინ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში დამოუკიდებელი მედია არ იყო დიდად მოსაწონი ერთეული. შედეგად, პარადოქსია, მაგრამ ჩვენ – მნიშვნელოვანი პროდასავლური ძალა – გავხდით აბსოლუტურად დაუცველი იმ ხელისუფლების წინაშე, რომელმაც ოფიციალურად აღიარა დასავლური ღირებულებები.

თავდაპირველად, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანისთვის დაგვეთმო კუთვნილი წილი. როდესაც უარი ვუთხარით, ჩვენზე ზემოქმედება გაძლიერდა და მალე აუტანელი გახდა. საბოლოოდ კი გვაიძულეს  კომპანია სასაცილო „კომპენსაციის“ სანაცვლოდ დაგვეთმო. ამბის დეტალებს აქ არ აღვწერთ. შესწავლილი და დოკუმენტურად დასაბუთებული საქმე, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, პროკურატურაში დევს.

პარადოქსია, მაგრამ ჩვენ – მნიშვნელოვანი პროდასავლური ძალა – გავხდით აბსოლუტურად დაუცველი იმ ხელისუფლების წინაშე, რომელმაც ოფიციალურად აღიარა დასავლური ღირებულებები.

სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დააჩქარა გამოძალვის პროცესი, იყო ჩვენი იდეა – კომპანიის წილები  რუსთავი2-ის თანამშრომლებს შორის გადაგვენაწილებინა. აშკარა იყო, რომ ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად უნდოდა მიეღოთ ისეთი დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც კოლექტიურად მართავდნენ თვითონ თანამშრომლები. ასეთი კომპანიის გაკონტროლება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.

პროკურატურაში საქმე 2012 წელს აღიძრა ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. „ციხის სკანდალის“ ფონზე წააგო არჩევნები. „ციხის სკანდალი“ მოჰყვა ჟურნალისტებისა და სხვა წყაროების საშუალებით გავრცელებულ აბსოლუტურად შოკისმომგვრელ მასალას, რომელშიც ასახული იყო პატიმრების მასობრივი და სისტემური წამების და გაუპატიურების ფაქტები. (პარადოქსია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ეს „უსაქციელობა“ ფაქტობრივად ნაწილობრივ მაშინვე აღიარა, მაგრამ პოლიტიკური განცხადება არასოდეს გაუკეთებია და არც ბოდიში მოუხდია).

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დევიზი იყო „სამართლიანობის აღდგენა“.

შესაბამისად, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენ დაუყოვნებლივ აღვძარით საქმე საქართველოს პროკურატურაში 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დამფუძნებლებისა და რუსთავი 2-ის 60% წილის მფლობელების – აქიმიძისა და დვალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. დადასტურდა ჩადენილი დანაშაულის ფაქტი, გამოვლინდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, იძულება და გამოძალვა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან (შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის მუხლები 333,150 და 181 ).

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაიწყო, შეგროვდა მტკიცებულებები, დაიკითხა უამრავი მოწმე და დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოვლინდა, საგამოძიებო ორგანოებს ჩადენილი დანაშაულისთვის დღემდე არავინ დაუსჯიათ. უფრო მეტიც, პროკურატურას დღემდე არ გაუკეთებია რაიმე დასკვნა გამოძიებაზე. ასეთი დასკვნის გარეშე კი შეუძლებელია საქმემ წინ წაიწიოს საქართველოს სასამართლოში. შესაბამისად, სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტური ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირების მიერ, რომლებიც  ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

თითქმის უკვე ხუთი წელი პროკურატურის მხრიდან რაიმე დასკვნითი განცხადების უქონლობის საფუძველზე იქმნება ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს გააჭიანუროს ან უბრალოდ, შეაჩეროს გასაჩივრების პროცესი. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მთლიანი სურათისა, რომელსაც ქვემოთ აღგიწერთ.

ახალი მთავრი გმირები

ამასობაში დაიწყო გარკვეული პარალელური პროცესები. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ წაგვართვეს, რუსთავი 2-მა ბევრჯერ შეიცვალა მფლობელი, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე მას შემდეგ, თუმცა მფლობელობა ყოველთვის გადადიოდა მმართველი პარტიისადმი გამოკვეთილად ლოიალური პირების ხელში. როგორც კი ეს ლოიალურობა ეჭვქვეშ დგებოდა, მფლობელი დაუყოვნებლივ იცვლებოდა.

2014 წელს რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დროებითმა მფლობელმა (ქიბარ ხალვაშმა) სასამართლოში შეიტანა სარჩელი. მისი განცხადებით, კუთვნილი ქონება მას შემდეგ წაართვეს უსამართლო გარიგების საფუძველზე, როდესაც მისი ლოიალურობა მმართველი ნაციონალური პარტიის მიმართ ეჭვქვეშ დადგა.

ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ეს წერილი მიზნად არ ისახავს კონკრეტულად ამ ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების ეჭვქვეშ დაყენებას. ვიცით რა, როგორ მეთოდებს იყენებდა ნაციონალური მოძრაობა მმართველობისთვის, ვფიქრობთ, ქიბარ ხალვაში შეიძლება ყოფილიყო მათი ქმედებების ერთ-ერთი მსხვერპლი. აქვე დავძენთ, რომ ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის უსამართლო და სასტიკი ქმედებების მსხვერპლი გახდა.

ყოველივე ეს საბოლოო ჯამში ემსახურება უფრო შორს მიმავალ გეგმას – ხელი შეუშალოს იმ უსამართლო გადაწყვეტილებების ჯაჭვის გახსნას, რომელიც თავისუფალი მედიის და ამ საქმის პირველი მსხვერპლის – რუსთავი 2-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ შეკრა ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ და მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

თუმცა რუსთავი 2-თან მიმართებით ნაციონალური მოძრაობის უსამართლო ქმედებათა გრძელ ჯაჭვში სამართლიანობა მხოლოდ ერთ-ერთი შუალედური რგოლის უფლებების აღდგენით ვერ აღდგება. ჩადენილ იქნა დანაშაული მედიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფის გზით, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2 მფლობელებს წაართვეს და ის პარტიისადმი აბსოლუტურად ლოიალურ წყაროდ აქციეს. შესაბამისად, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლების აღდგენა შეიძლება მივიჩნიოთ რუსთავი 2-ის მფლობელების უფლებების აღდგენისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად.

უკანასკნელად საღი აზრის დემონსტრირება მოხდა მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იგი კომპანიის მთლიანი წილის 50%-ს გადასცემდა დამფუძნებელებს. მიუხედვად იმისა, რომ ეს განაცხადი არ ატარებს რაიმე კანონიერ წონას, შინაარსობრივად ეს ნათელს ფენს საქმის ეთიკური მხარეს.

ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენაში საკუთარი წვლილის შეტანა. ერთ-ერთი პრობლემა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ ბოლო განაჩენთან დაკავშირებით პრესა აივსო ისეთი განცხადებებით, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს დასავლური ღირებულებების მნიშვნელობას და უფრო მეტიც, ამ ღირებულებებიდან სერიოზულ გადახრას წარმოადგენს.

ყოველივე ეს საბოლოო ჯამში ემსახურება უფრო შორს მიმავალ გეგმას – ხელი შეუშალოს იმ უსამართლო გადაწყვეტილებების ჯაჭვის გახსნას, რომელიც თავისუფალი მედიის და ამ საქმის პირველი მსხვერპლის – რუსთავი 2-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ შეკრა ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ და მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

აი, ყოველივე ეს როგორ ხორციელდება.

პირველ რიგში, 2004 წელს ტელევიზიის დამფუძნებლების წინააღმდეგ ჩადენილი პირველადი უსამართლობის გარშემო დისკუსიების საერთოდ თავიდან არიდების გზით და ხელოვნურად მხოლოდ ქიბარ ხალვაშის შემთხვევაზე ფოკუსირებით. ეს კეთდება ჩვენი იგნორირებით ან ჩვენი როლის ცინიკურად დაკნინებით. ასეთი დამოკიდებულების კარგი მაგალითია რუსთავი 2-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორის საჯარო განცხადება, რომ ის სერიოზულად არ განიხილავს „ამ ობიექტებს“ ( ანუ ჩვენ, დამფუძნებლებს).

ჩარჩოს ასეთ შევიწროებას საკითხის განხილვა გადაჰყავს ისეთ პრიზმაში, სადაც რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს საერთოდ იგნორირებას უკეთებენ. ამ გზით იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე ეხება მხოლოდ ახლანდელი მფლობელის (ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ანტისახელისუფლებო ძალაა) და ერთ-ერთი ძველი მფლობელის დავას. ასევე აღნიშნავენ, რომ ქიბარ ხალვაში სარგებლობს გარკვეული დაფარული სიმპათიით და შესაძლოა, ფარული დახმარებითაც ახლანდელი მმართველი პარტიის მხრიდან („ქართული ოცნება“). ამასობაში, არავინ ითხოვს გამოძიებულ იქნეს, თუ როგორ აღმოჩნდა 2004 წლის შემდეგ დამოუკიდებელი, კერძო ტელევიზია მისი დამფუძნებლებისგან ახლანდელი მფლობელების ხელში.

ასეთი მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარს ხდის რუსთავი 2-ის რეალურ ამბავს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსთავი 2-ის გარშემო კონფლიქტი არის კონფლიქტი საკუთრების უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. ამ ყალბ მიდგომას კი შედეგად მოსდევს რუსთავი 2-ის რეალური საქმიდან დისკუსიის სრულად მოწყვეტა და გადატანა.

სინამდვილეში კი ხელოვნურად დამახინჯებული ეს სიმართლე საპნის ბუშტივით გასკდება, როგორც კი რუსთავი 2-ის მფლობელების თემა საქმეში დაბრუნდება. რუსთავი 2-ის შემთხვევაში არ არსებობს კონფლიქტი ზემოთ ნახსენებ ორ უფლებას შორის – დამფუძნებლების ეს ორივე უფლება თანაბრად და სასტიკად იქნა დარღვეული 2004 წელს!

რუსთავი 2-ის შემთხვევაში არ არსებობს კონფლიქტი ზემოთ ნახსენებ ორ უფლებას შორის – დამფუძნებლების ეს ორივე უფლება თანაბრად და სასტიკად იქნა დარღვეული 2004 წელს!

დამოუკიდებელი მედიაკომპანიის, რუსთავი 2-ის წართმევით ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლები გავხდით ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პირველი უდავო მსხვერპლი, ცინიკურად შეილახა ჩვენი ორივე უფლება – კერძო საკუთრების უფლება და თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლება.

ფაქტია, რომ ტელევიზია, რომელიც ჩვენი მფლობელობის დროს წარმოადგენდა დამოუკიდებელ, პროდასავლურ და პროამერიკულ მედიას, 2004 წელს წაგვართვეს საკუთრების ყველა უფლების და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევით და მიუხედავად იმისა, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, არც ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ან ცნობილი ფიგურა ამ ფაქტს საჯარო განცხადებებში არ ახსენებს.

ნათელია, თუ რა მიზეზის გამო ხდება რუსთავი 2-ის დამფუძნებლების საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების სრული იგნორირება. რაც გასაკვირი და შემაშფოთებელია, მაგრამ, როგორც ზევით ავხსენით, ეს მიანიშნებს ღირებულებათა სისტემიდან გადახვევაზე იმ ორგანიზაციებისა და ადამიანების მხრიდან, რომელთაც ამ ღირებულებების დაცვა ევალებათ.

საკუთრების უფლება და სიტყვის თავისუფლება არის თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის მთავარი ღირებულებები, რასაც საქართველოს კონსტიტუცია სრულად იზიარებს. ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ ამ უფლებების სხვა რამით ჩანაცვლება შეუძლებელია. შეუძლებელია ააგო ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლებას და დემოკრატიის დასავლურ ღირებულებებს უნდა ემსახუროს, თუ ამ ორი მთავარი უფლებიდან ერთ-ერთი დაირღვევა.

ამ გადასახედიდან მეტად შემაშფოთებელია შემდეგი ერთგვაროვანი მოცემულობა. ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში გაკვრითაც კი არ ყოფილა საუბარი რუსთავი 2-ის დამფუძნებლების კერძო საკუთრების უფლებასა და ასევე, მათი თავისუფალ მედიაზე წვდომის უფლების შესაძლო დარღვევაზე. ჩვენთვის ცნობილი მცირე გამონაკლისი იყო ომბუდსმენის ოფიციალური რეკომენდაცია – გამოძიებულიყო 2004 წლის შემთხვევა. შეიძლება სხვა მსგავსი ინიციატივებიც არსებობდა, თუმცა მათ აშკარად აკლდა საჯარო გახმაურება.

ეს მიდგომა, გარდა იმისა, რომ უსამართლო და დამანგრეველია რუსთავი 2-თან მიმართებით ჩვენ მიერ აღძრული საქმისთვის, ასევე საშიშია ჩვენი საზოგადოების ჯერ კიდევ არამყარი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, რადგან აყალიბებს აზრს, რომ დემოკრატიული საზოგადოება შეიძლება  ძველი უსამართლობის დავიწყების გზით ჩამოყალიბდეს.

ეს ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა მივაღწიოთ სიტყვის რაღაც აბსტრაქტულ თავისუფლებას და / ან შევქმნათ სხვა დემოკრატიული ღირებულებები, რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ სამართლიანობის აღდგენის გარეშე, რომლებმაც, მიუხედავად უზომო წნეხისა, შექმნეს კერძო სატელევიზიო კომპანია, რომელიც მათი მფლობელობის დროს ემსახურებოდა სიტყვის თავისუფლებას და ნამდვილ დასავლურ ღირებულებებს.

ამ წერილის მიზანია ჩვენი თხოვნა – გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რუსთავი 2, დამოუკიდებელი და დასავლური ღირებულებების მატარებელი ტელევიზია მის დამფუძნებლებს წაგვართვეს 2004 წელს, ჩვენი საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევით და რომ აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – თავი აარიდონ ამ ფაქტზე სერიოზულ დისკუსიებს.

ბოლო მოვლენები

პირველ რიგში, გრძელდება ნაძარცვის გადანაწილება. ეს თავისთავად არ არის ახალი ფაქტი: მას შემდეგ, რაც 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ რუსთავი 2 იძულებით ჩამოართვა მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს, არ შეწყვეტილა მცდელობა, რაც შეიძლება, მეტად დაეშორებინათ რუსთავი 2 მისი დამფუძნებლებისგან. ამ პროცესის მიზეზი ისევე, როგორც ყველა მოპარული საკუთრების შემთხვევაში, გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად გართულდეს კანონიერი მფლობელებისთვის წართმეული კომპანიის უკან დაბრუნება.

დღემდე ეს ხდებოდა შედარებით „მარტივი” მეთოდით, ანუ ხელიდან ხელში უკანონო გადაფორმებათა სერიებით. ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის დრამის მონაწილე მსახიობთა რიცხვმა იმატა.

ერთ-ერთი გარემოება, რომელმაც მოქმედი გმირების გამრავლება გამოიწვია, არის პროცესები „ნაცმოძრაობის” შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია ეს გაყოფა, თუმცაღა ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა რუსთავი 2-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი. ზუსტად ამ პროცესის მომსწრენი ვართ დღეს.

და ბოლოს, მოქმედ გმირთა სრული ჩამონათვალის მისაღებად აუცილებელია ვახსენოთ მეორე მხარე, რომელიც ჩნდება, როგორც ძლიერი მოთამაშე რუსთავი 2-ზე კონტროლის მოპოვების შეჯიბრებაში – დღევანდელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. იმას, რომ ეს მხარე არ არის ნეიტრალური ამ თამაშში, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ეფექტურად იბლოკება პროკურატურის მიერ რაიმე სახის დასკვნის გამოქვეყნება საქმეზე, რომლის შესახებაც საჩივარი შევიტანეთ 2012 წელს – „2004 წელს მაშინდელი სახელისუფლებო თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და გამოძალვის ფაქტებს შესახებ.“

აშკარაა, რომ რუსთავი 2-ის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მართულია ორი ძალის, ნაციონალური მოძრაობის და „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ. იმისათვის, რომ მოვლენების არსს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გამოვკვეთოთ, რა სურს თითოეულ მხარეს.

ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ესმის, რომ ამ სიტუაციაში რუსთავი 2-ზე სრული კონტროლის დამყარება არარეალურია და ეს არც არის საჭირო, ვინაიდან “ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა.

„ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა.
საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს ძლიერი, დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა ქვეყანაში!

საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს ძლიერი, დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა ქვეყანაში!

ორივე მხარეს კარგად ესმის, რომ რუსთავი 2-ს მხოლოდ მაშინ აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიაკომპანია, თუკი აღდგება მისი კანონიერი დამფუძნებელი მფლობელების, ესე იგი, ჩვენი უფლებები. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე მაქსიმალურად შეეცდება ეს არ დაუშვას.

ერთ-ერთი პირობა ამ მიზნის მისაღწევად არის ყველანაირი მცდელობა საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ კომპანიის დამფუძნებლების უფლებათა შელახვის ფაქტის გარშემო დისკუსიიდან სხვა რამეზე. როგორც აღწერილია ზემოთ, ეს არის ნათელი მაგალითი ორივე მხარის მიერ ყურადღების გადატანისა.

ახლა უკვე შეგვიძლია გავიგოთ რა მოვლენები ვითარდება რუსთავი 2-ის გარშემო. არსი ამ მოვლენებისა შემდეგში მდგომარეობს: პოლიტიკური პარტიების ნაკრები, შემდგარი ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მინიმუმ ერთი ფრაქციისგან, ცდილობს შეთანხმდეს რუსთავი 2-ზე კონტროლის განაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გახმაურებული განცხადებიდან მისთვის რუსთავი 2-ზე კონტროლის სანაცვლოდ შეთავაზებული 10 მილიონის შესახებ.

ამ გარიგების ყველაზე ცინიკური ნაწილი, რომელიც შეიძლება ნაძარცვ საკუთრებას უკავშირდებოდეს, არის მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნით წილების თანამშრომლებზე გადანაწილება. სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ისევე, როგორც ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების „ყველასთვის“ დარიგებას არ მოუტანია არც სამართლიანობა და არც დემოკრატია. მსგავსი ტიპის განაცხადები, უბრალოდ, საბაბია, რათა აშკარა პოლიტიკური დღის განრიგის მქონე ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კომპანიაზე კონტროლი  „ყველას“ სახელით გააძლიეროს.

გარდა ამისა, დემოკრატიის ხელოვნური ფასადის გასაძლიერებლად ამას მოჰყვება გარეშე მარეგულირებელი „მიუკერძოებელი“ საბჭოს, ან ბორდის შექმნა. რეალურად კი ამ განაწილების შედეგი იქნება ის, რომ კომპანიას გააკონტროლებს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყოველმხრივ ლოიალური იქნება პოლიტიკური თამაშის იმ წესების მიმართ, რომელზეც შეთანხმდებიან ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“, რადგან არც ერთი პატიოსანი ადამიანი არასოდეს დათანხმდება აიღოს მოპარული წილი.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა, არც ერთი პატიოსანი ადამიანი არ შეუერთდება ამ გარიგებას და ადრე თუ გვიან, საუბარი 2004 წელს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სათანადო გამოხმაურებას პოვებს. სანამ ეს არ მოხდება, ყოველგვარი საუბარი საქართველოში სამართლიანობასა და დემოკრატიულ საზოგადოებაზე სიყალბე იქნება.

ამდენად, გვინდა გთხოვოთ, განიხილოთ რუსთავი 2-ის საქმე ზემოთ მოყვანილი განმარტებების გათვალისწინებით, რათა თავიდან ავიცილოთ ფაქტებისა და ღირებულებების შესაძლო შემდგომი დამახინჯება. ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს 2004 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მოგვაყენა დამაგრეველი დარტყმა კერძო საკუთრების, თავისუფალი სიტყვის გამოთქმის და თავისუფალი მედიის ფლობის უფლებათა სასტიკი დარღვევით და ნებისმიერი მსჯელობა საქართველოში სამართლიანი საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ჩვენი უფლებების აღდგენის გარეშე აზრს მოკლებული იქნება.

ერთ-ერთი ქმედება, რითაც თქვენ, საერთაშორისო საზოგადოებას შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ჩვენი მთავარი უფლებების – საკუთრების, თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი მედიის აღდგენაში, არის მოთხოვნა პროკურატურისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ – გაასაჯაროონ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოძიების შედეგები და შესაბამისი დასკვნა. საუბარია 2004 წელს რუსთავი 2-ის მფლობელების წინააღმდეგ მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე.

ფაქტი, რომ აქამდე იგნორირებას უკეთებდნენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების არსებობას – მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ისინი – ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში სიმართლის და სამართლიანობის აღქმის სერიოზული პრობლემა გვაქვს.

 

 

საჭიროების შემთხვევაში, მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ ნებისმიერი ჩვენს ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია. იყო რამდენიმე ფაქტი, როგორიცაა ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელი და ტრაგიკული სიკვდილი მისი, როგორც მთავარი მოწმის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ. ეს ფაქტები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზემოთ არ განგვიხილავს – ფოკუსის დაკარგვის თავიდან არიდების მიზნით, რადგან ამ წერილის მიზანია გამოააშკარაოს ჩვენი, რუსთავი 2-ის დამფუძნებლების როლის ტოტალური და (შესაძლოა კოორდინირებული) იგნორირება პოლიტიკური და არასამთავრობო წრეების და მათ მიერ მართული მედიის მიერ.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ მას შემდეგ, რაც ამ წერილს გავასაჯაროებთ, ამ „დრამის“ რამდენიმე ქართველი მონაწილე, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ თავი აარიდონ ჩვენზე საუბარს, ალბათ საჭიროდ მიიჩნევენ პასუხი გაგვცენ. სიმართლის დამალვის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი საშუალება არის მისი დამახინჯება. ამდენად, არ გაგვიკვირდება, თუ ამ წერილის პასუხად თავს დაგვატყდება ბრალდებათა კასკადი და დეზინფორმაცია, ვითომდა სხვადასხვა წყაროდან. რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთ სიტუაციაში მოიგოს იმან, ვისაც მეტი ხმა აქვს, ჩვენ კი ბევრი ხმა ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა გვაქვს ერთი უპირატესობა. ფაქტი, რომ აქამდე იგნორირებას უკეთებდნენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების არსებობას – მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ისინი – ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში სიმართლის და სამართლიანობის აღქმის სერიოზული პრობლემა გვაქვს.

პატივისცემით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები

ჯარჯი აქმიძე

დავით დვალი

 

 

 

მოგვყევით

ლარი დღეს


Fatal error: Uncaught SoapFault exception: [WSDL] SOAP-ERROR: Parsing WSDL: Couldn't load from 'https://services.nbg.gov.ge/Rates/Service.asmx?wsdl' : failed to load external entity "https://services.nbg.gov.ge/Rates/Service.asmx?wsdl" in /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-content/plugins/php-code-widget/execphp.php(27) : eval()'d code:11 Stack trace: #0 /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-content/plugins/php-code-widget/execphp.php(27) : eval()'d code(11): SoapClient->SoapClient('https://service...') #1 /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-content/plugins/php-code-widget/execphp.php(27): eval() #2 /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-includes/class-wp-widget.php(394): PHP_Code_Widget->widget(Array, Array) #3 /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-includes/widgets.php(837): WP_Widget->display_callback(Array, Array) #4 /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-content/themes/Extra/sidebar.php(3): dynamic_sidebar('sidebar-main') #5 /home/customer/www/rustavi2.in in /home/customer/www/rustavi2.info/public_html/wp-content/plugins/php-code-widget/execphp.php(27) : eval()'d code on line 11